აქცია დევიზით

აქცია დევიზით "გავათავისუფლოთ ტყვეობიდან საქართველოს სიწმინდეები" გაიმართება

პატიმართა, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან აქცია დევიზით, ,,გავათავისუფლოთ ტყვეობიდან საქართველოს სიწმინდეები" 7 ივლისს გაიმართება. ასოციაციის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორთა მიზანია თანამოაზრეებთან ერთად მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტოს ანჩისხატის, აწყურის ღვთისმშობლის, წმინდა ნინოს ჯვრისა და სხვა სიწმინდეების შენახვა საქართველოს მუზეუმებში და მოითხოვოს მათი დაბრუნება ეკლესიებში.

ასოციაცია, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია, საქმიანობას სიმბოლურად სიწმინდეების გათავისუფლების მოთხოვნით იწყებს. ასოციაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ დღეს "ყველაზე შეურაცხყოფილი და უფლებააყრილი სწორედ საეკლესიო სიწმინდეებია".

პატიმართა, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა ასოციაცია მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა. ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

ორგანიზაციის მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, მათთვის ფსიქოლოგიური და იურიდიული დამხარება.