7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას აღავლენს.

სახარების თანახმად, წმიდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.

ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც ნათელიღო მისგან.

უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.