"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე ტურს გორში გამართავს

7 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობა", საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე ტურს გამართავს. პრაიმერის ფარგლებში კონფერენცია გორში ჩატარდება, რომელსაც დელეგატები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციებიდან დაესწრებიან.

გორში დაგეგმილი ღონისძიების თემა ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა იქნება. კონფერენცია 15:00 საათზე, გორში, კინოთეატრ "გამარჯვებაში" გაიმართება.
შემდეგი ღონისძიება პრაიმერის ფარგლებში, 14 ივლისს, თელავში ჩატარდება. მასში მონაწილეობას კახეთის და ქვემო ქართლის პარტიული ორგანიზაციები მიიღებენ. ღონისძიების თემა ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგი იქნება.

20 ივლისს კი, კონფერენცია იგეგმება ზუგდიდში, სადაც საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემაზე იმსჯელებენ.

21 ივლისს კი კონფერენცია გაიმართება ბათუმში, თემაზე - განათლება, მეცნიერება და კულტურა.

მეექვსე - ბოლო კონფერენცია პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილია თბილისში 28 ივლისს, სადაც მიწვეული არიან დელეგატები თბილისის რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან.

რეგიონული კონფერენციების პარალელურად, როგორც ცნობილია, სპეციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტკენჭისყრა გაიმართება.

პრაიმერის საორგანიზაციო ჯგუფს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, დებატებს კი ირმა ნადირაშვილი გაუძღვება.


პრაიმერის პირველი ტური 30 ივნისს, ქუთაისში გაიმართა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბარქაძემ გაიმარჯვა.