10 ივლისს სამი ქართველი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდება

10 ივლისს სამი ქართველი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდება

10 ივლისს სამი ქართველი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდება.

ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა, სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინაშვილმა განმარტა, ჯილდო ჟურნალისტებს 2012 წელს გაწეული საქმიანობისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის გადაეცემათ. ნომინანტები “ობიექტივმა” საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეარჩია.

მისივე თქმით, ოქროს მედლების მფლობელები ტელევიზიის, პრესისა და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის ჟურნალისტები გახდებიან. ოქროს მედლის ექსკიზის ავტორი ზაზა ლოდიაა.

10 ივლისს ასევე "ნაზი შამანაურის დღიურების" ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ავტორი შოთა ჭინჭარაულია.

ირმა ინაშვილის თქმით, "ობიექტივი" ნაზი შამანაურის სახლ-მუზეუმის გაკეთებასაც გეგმავს.

"მოლაპარაკებას ვაწარმოებთ დუშეთის მუნიციპალიტეტთან, რათა გადმოგვეცეს ნაზი შამანაურის სახლი და იქ მისი სახლ-მუზეუმი მოვაწყოთ. გვინდა, ეს ადგილი ქართული ჟურნალისტიკის ცენტრად იქცეს", - განაცხადა ინაშვილმა.

ღონისძიება მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ “მუზაში 10 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ნაზი შამანაურის სახელობის მელდები ჟურნალისტებს - ელისო ჩაფიძეს, ნანა ფაჟავას და ნანა ლეჟავას გადაეცათ.

ცნობისთვის, 1983 წლის იანვარში ქართველი ჟურნალისტი ნაზი შამანაური, პროფესიული საქმიანობის გამო, საბჭოთა რეჟიმმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა და წამებით მოკლა.