36 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

36 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

36 წლის მამაკაცმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ წამებით პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიაცემინა.

როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა.
ამ დროისათვის სამართალდამცავები ვითარების გარკვევას ცდილობენ.

"როგორც ვიცი, 36 წლის მამაკაცი გუშინ ღამით მოხვდა სამმართველოში, იქ სცემეს და ზეწოლას ვერ გაუძლო, დაურეკა ოჯახს და მეგობარს - მივდივარო. იატაკზე დაგდებული სცემეს და რაღაცაზე მოაწერინეს ხელი. გუშინდელი ზეწოლის შემდეგ, მამაკაცმა დარეკა და თქვა, წყალში შევცურე, მაგრამ თავი ვერ დავიხრჩვე და ახლა თოკი ვიყიდე, თავი უნდა ჩამოვიხრჩოო", – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გარდაცვლილი გუშინ დაკითხვაზე იყო.

"დაკითხვის შემდეგ გაუშვეს სახლში. მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაუშვებდნენ. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. პოლიციელების მხრიდან ამ პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ დაფიქსირებულა" , – აცხადებს გიორგობიანი.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.