ადვოკატი პროკურატურას მასალების დამალვაში ადანაშაულებს

ადვოკატი პროკურატურას მასალების დამალვაში ადანაშაულებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალდებული მაღალჩინოსნის ადვოკატი პროკურატურას მასალების დამალვაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, თეო ურუშაძის ადვოკატმა, გიორგი სამუშიამ განუცხადა, საქმის პროკურორი და გამომძიებელი სხვადასხვა მიზეზებით, ამ დრომდე არ აწვდიან მასალებს დაცვის მხარეს.

"თეო ურუშაძემ გამოძიებას მიმდინარე წლის 2 ივლისს მიმართა, რათა გადმოეცა ყველა მტკიცებულება, რაც სისხლის სამართლის საქმეში იყო. თეო ურუშაძეს ამის უფლებას აძლევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. უკვე მეოთხე დღეა, მასალებს უშედეგოდ ვითხოვთ. სამი დღის წინ, სახელმწიფო ბრალმდებელს - პროკურორ დავითაშვილს ვესაუბრეთ და მითხრა, რომ მასალები დისკზეა ჩაწერილი, მზად არის და შეგვეძლო წაგვეღო, მაგრამ საშვი არ დაუშვეს, რომ მასალები წამოგვეღო ანტიკორუფციული სამსახურიდან. ორი დღეა, კავშირი მაქვს გამომძიებელ შარდენ კოპალიანთან, რომელიც ამბობს, რომ ჩაწერილი არ აქვთ მასალები. გვპირდება, რომ გაამზადებს მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გამოძიება ცდილობს, დაცვის მხარეს დაცვის ფუნქციების განხორციელების საშუალება შეუზღუდოს.

გიორგი სამუშია ვარაუდობს, რომ საქმის მასალების გადმოცემის გაჭიანურება იმიტომ ხდება, რომ მასალებში არის ინფორმაცია, რომლის გახმაურებაც ბრალდების მხარეს არ სურს.

სოფლის მეურნეობის შვიდი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული.

ბრალდებულებიდან სამი, მათ შორის თეო ურუშაძე გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისება და გაფლანგვა.