კათოლიკოს-პატრიარქი - მტერს მუდამ უნდოდა საქართველო ხერხემალში გადაეტეხა, მაგრამ ვერ შეძლო

კათოლიკოს-პატრიარქი - მტერს მუდამ უნდოდა საქართველო ხერხემალში გადაეტეხა, მაგრამ ვერ შეძლო

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბის "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით, წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებული სეზონის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

"წიგნის სახლში ბახტრიონზე" სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება განიხილეს. ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი გოგი ხარაბაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორები ასმათ ჯიქია, დოდო ღლონტი, სასულიერო პირები, პედაგოგები, მოსწავლეები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მოძრაობა "დავითიანნის" პრეზიდენტმა, კონსტანტინე სვანაძემ აღნიშნა, წიგნის კითხვისადმი ახალგაზრდების ინტერესი ძალიან გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მკითხველთა რაოდენობა დღითი-დღე იზრდება.
წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას გამომცემლობები შეუერთდნენ. "პალიტრა L"-მა, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" და "არტანუჯმა" "წიგნის სახლში ბახტრიონზე" მკითხველებს სულხან-საბა ორბელიანის წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს.

ახალგაზრდებმა და სტუმრებმა ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაიკითხეს და მისი ეპოქის შესახებ ისაუბრეს.
როგორც ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ განმარტა, წყაროებში არსად არის აღნიშნული სულხან-საბა ორბელიანის კათოლიკობის შესახებ. მისი თქმით, ეს ჭორია და მწერალი გარდაიცვალა, როგორც მართლმადიდებელი სქემმონაზონი.

ამასთან, როგორც უწმინდესმა ბრძანა, სულხან-საბა ორბელიანი იმდენად დიდი პიროვნებაა, რომ მისი დახასიათება ერთი შეხვედრის დროს ძნელია. პატრიარქმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა.
"ასეთია ჩვენი ბედი. ჩვენ ვეხეთქებით ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს. ვთხოვთ დახმარებას და ისინი მისიონერებს გვიგზავნიან. მახსენდება, შარშან მქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალთან და მან თქვა, ძნელია დიდი ქვეყნის გვერდით ცხოვრება. მტერს მუდამ უნდოდა გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო", - ბრძანა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მასაც სმენია, რომ სულხან-საბა ორბელიანის კათოლიკობის შესახებ ვერსია თავად კათოლიკების მიერ არის გავრცელებული.
"მე გამიგონია წინა პატრიარქებისგან, ძველი ხალხისგან, რომ მისი კათოლიკობა, ეს არის გავრცელებული თვითონ კათოლიკების მიერ. მეტსაც გეტყვით, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქეთევანმა სიკვდილის წინ მიიღო კათოლიკობაო. ეს კათოლიკების ვერსიაა. ეს არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ მისი სული დღესაც ფიქრობს და ეხმარება საქართველოს. ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქართველ ხალხზე, რომელიც უცხოეთშია გასული. უწმინდესის განცხადებით, მრავალი ქართველი დაიკარგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მისი მშობლები მეგობრობდნენ ქისტებთან, ვიდრე ქისტებს შუა აზიაში გადაასახლებდნენ. მისივე თქმით, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუსლან აუშევის დახმარებით, მეგობარი ქისტების შთამომავლების პოვნა მოხერხდა, რის შემდეგაც, ისინი საქართველოში პატრიარქთან ორჯერ იმყოფებოდნენ.

"საოცარი ამბავი მითხრეს. მათ მითხრეს, რომ ინგუშები კლანებად დაყოფილია. ყველაზე დიდი კლანი ჩვენ ვართ და გვეწოდება "ქართველიო". წარმოიდგინეთ, ეს ის ხალხია, რომელიც მოწყდა საქართველოს და რომ დარჩენილიყო მათი ეროვნება დაირქვეს "ქართველი". ერთ-ერთი მათგანმა რომელსაც ჰქვია – ამინ, უკვე შეიტანა იუსტიციის სამინისტროში განცხადება, მე ქართველი ვარ და უნდა დავიბრუნო ჩემი ეროვნება, უნდა გავხდე საქართველოს მოქალაქეო. ასეთი ბევრია. ამ ხალხს უნდა დაბრუნება და ღმერთი შეგვეწიოს, რომ ეს ხალხი დაბუნდეს", - ბრძანა უწმინდესმა.
წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში შემოდგომაზე განახლდება. "წიგნის მეგობრები" ზაფხულის განმავლობაში რეგიონებს ეწვევიან.