ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, ურეკის შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყოს საუბარი

ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, ურეკის შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყოს საუბარი

უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უმცირესობის ლიდერის დღევანდელ შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხოს საუბარი.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრაზე მთავარი ყურადღება სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე გამახვილდება.

"მივესალმები, რომ ასეთი შეხვედრა შედგება. აუცილებელია, სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისია შეიქმნას, რომელიც ფუნდამენტურად გადახედავს კონსტიტუციას და სულ მცირე ერთ წელიწადში შეიმუშავებს ისეთ დოკუმენტს, რომელსაც აღარ ექნება რყევები, იქნება სტაბილურობაზე ორიენტირებული. თუმცა, შეხვედრაზე ამავდროულად სხვა მიმდინარე პროცესებზეც იქნება საუბარი. არ არის გამორიცხული, საუბარი შეეხოს საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რადგან "ნაციონალური მოძრაობიდან" ყევლაზე რეალური კანდიდატი დავით ბაქრაძეა", - განაცხად ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო, ისეთი, როგორიც არასდროს ჩატარებულა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი", - აღნიშნა აბაშიძემ.
ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ბაქრაძის შეხვედრა პრემიერის ურეკის რეზიდენციაში დღეს გაიმართება.