ირინა იმერლიშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი, უსუფაშვილი და ბაქრაძე სახელმწიფო კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან

ირინა იმერლიშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი, უსუფაშვილი და ბაქრაძე სახელმწიფო კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღევანდელ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან.

როგორც იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუცია არის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტში არსებულ ძალებს შორის, არამედ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის მაქსიმალური კონსესუსით უნდა შეიცვალოს.

"მე მგონია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი სახელმწიფო კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელმაც უნდა იმუშაოს კონსტიტუციის გადასინჯვაზე და განსაზღვროს, თუ როგორი მოწყობა უნდა იყოს ქვეყანაში, რა საარჩევნო სისტემა ჰქონდეს საქართველოს და ა.შ. ძალიან ბევრ შემთხვევაში კონსტიტუციის ძირეულად გადასინჯვაზეა საუბარი და ცხადია, რომ კონსტიტუცია არა მხოლოდ პარლამენტის შიგნით არსებულ ძალებს, არამედ, ქვეყანაში არსებულ ძალებსა და საზოგადოებას შორის მაქსიმალური კონსესუსით უნდა იქნას შეცვლილი, რადგან ეს არის ქვეყნის მთავარი კანონი", - განაცხადა იმერლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კონსტიტუცია თვეში ერთხელ აღარ იცვლებოდეს.

პრემიერის ურეკის რეზიდენციაში, ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა დღეს 17.00 საათზე დაიწყება.