დავით ბაქრაძე - დღეს გადაწყდება, შეწყვეტს თუ არა

დავით ბაქრაძე - დღეს გადაწყდება, შეწყვეტს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს

დასრულდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი, ეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ურეკში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის შედეგები გადაწყვეტს ასევე იმას, დაესწრება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ჯერჯერობით არ ვესწრებით, რადგან ესეც საერთო ბოიკოტის რეჟიმის ნაწილია. თუმცა, პრემიერთან დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა რეჟიმში გააგრძელებს "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე კონსტიტუციის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პრემიერის უფლებების შემცირებაზე, პრობლემას ვერ ხედავს.

"ვფიქრობ, ეს ნორმალური ცვლილებაა, რაზეც შეიძლება დავთანხმდეთ, თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები, რომ გარკვეულწილად იზღუდება პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები. სხვათა შორის, ამაზე საუბრობენ არასამთავრობოებიც. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს კითხვები მოიხსნება და ამის შემდეგ ამ ნაწილთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ. მზად ვიქნებით, რომ შევჯერდეთ და ფორმალურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევას, ბუნებრივია ეს არის ძალიან პრობლემური. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი და მათ შორის ფართო პოლიტიკური კონსესუსის საგანი. ყოველთვის აკრიტიკებდნენ ჩვენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღებოდა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ნაჩქარევ რეჟიმში. აგერ ბატონო, ახლა გვაქვს სხვა რეჟიმი, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ვეღარ იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სადაც დაჩქარებული წესით ვეღარ მიიღება საკონსტიტუციო ცვლილება", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოქტომბრიდან ძალაში შედის ის ყველაფერი, რაზეც წლების განმავლობაში ოპოზიცია "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდა.

ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ბაქარძეს შეხვედრა პრემიერის ურეკის რეზიდენციაში დღეს, 17.00 საათზე დაიწყება. დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე შეხვედრის შესახებ კომენტარებს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გააკეთებენ.