ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის შეხვედრა პრემიერის ურეკის რეზიდენციაში გაიმართება

ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის შეხვედრა პრემიერის ურეკის რეზიდენციაში გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უმცირესობის ლიდერის შეხვედრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში შედგება.

"წინა კვირას მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ შემდგარიყო პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემი მონაწილეობით შეხვედრა. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ასეთი შეხვედრა შედგება დღეს, პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში. მასში მონაწილეობას მივიღებთ მე, როგორც უმცირესობის ლიდერი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ვფქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვაპირებ, დავაყენო ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ოპოზიციური ძალისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სიტუაციაში და არსებულ პოლიტიკურ რეალობაში დიალოგის წარმოება რთული, თუმცა აუცილებელია.

"იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად მწავავდება, ადვილი საწარმოებელი არ არის დიალოგი, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიყოყმანია, რადგან ვფიქრობ, რომ აუცილებელია დიალოგი და კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ესაა პირობა იმისა, რომ საზოგადოება იქნება დამშვიდებული, ქვეყანა წავა წინ. სწორედ ამიტომ, ბრიფინგის შემდეგ მე მივემგზავრები ურეკში", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ბიძინა ივანიშვილის, დავით ბაქრაძისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა ურეკის რეზიდენციაში, 17.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის შემდეგ, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ.