„კოკი იონათამიშვილის პრეტენზიები სამართლიანი იყო, მაგრამ დასკვნა – არასწორი“

„კოკი იონათამიშვილის პრეტენზიები სამართლიანი იყო, მაგრამ დასკვნა – არასწორი“

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი ლიდერის კოკი იონათამიშვილის „პრეტენზიები სამართლიანი იყო, მაგრამ დასკვნა – არასწორი".

ამის შესახებ მან ტელეგდაცემა „პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.

უგულავას თქმით, მას იონათამიშვილის მიერ განცხადების გავრცელებამდე მასთან „ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და შესაბამისად, იონათამიშვილის მიერ ფრაქციის დატოვება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა არ სჯერა, რომ მან ეს მერკანტილური მიზეზებით გააკეთა".

„ნამდვილად არ მინდა, დავიჯერო ის, რაც მასზე ითქვა. არ ვთვლი, რომ მერკანტილური მიზეზების გამო წავიდა. ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. მას ჰქონდა თავისი პრობლემები, ფინანსური, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მსხვილ ლიდერებს არ აქვთ ფინანსურად დალხენილი ცხოვრება, განსხვავებით იმ შავი ნიაღვრისგან, რომელიც ჩვენი თანაპარტიელების მისამართით მოედინება. ის პრობლემები, რაც კოკიმ აღნიშნა, სამართლიანია. პროცესი მიდის და ამას ვერც დააჩქარებ და ვერც შეანელებ, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ეს გაწუხებს, პროცესებში უნდა მიიღო მონაწილეობა და მისთვის ყველა კარი ღია იყო. მე ვიბრძვი, რადგან ვიცი, რომ ლანგარზე მორთმეული არაფერია არც მერიაში, არც პოლიტიკაში და არც ზოგადად ცხოვრებაში „ – დასძინა უგულავამ.