"ქართული ფოლადის" ხელმძღვანელობა ამორალურად იქცევა"

პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატის ლაშა ბირკაიას განცხადებით, "ქართული ფოლადის" ხელმძღვანელობა ამორალურად იქცევა.

ასე გამოეხმაურა ბირკაია "ქართული ფოლადის" ხელმძღვანელის ნათია ჯაყელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი 24 ივნისს "ქართული ფოლადის" ოფისის აფეთქებაში წინა ხელისუფლებას და პატარკაციშვილების ოჯახს ადანაშაულებს.

"ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რომ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკიდურესად ამორალური შემთხვევაა, როცა კონკრეტული ადამიანების უბედურებით მანიპულირება ხდება და ამ უბედურებით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნულის გამო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები კონკრეტული პირების მიმართ", - განაცხადა ბირკაიამ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "ქართული ფოლადის" ოფისში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც კომპანიის ორი თანამშრომელი - ზაზა ნინიძე და ალეკო მაისურაძე დაიღუპნენ.