გიგი უგულავა - მერიის თანამშრომლების სასამართლოს წინ პროკურატურა მოსამართლესთან უზნეო გარიგებაში შევიდა

გიგი უგულავა - მერიის თანამშრომლების სასამართლოს წინ პროკურატურა მოსამართლესთან უზნეო გარიგებაში შევიდა

თბილისის მერი გიგი უგულავა პროკურატურას მოსამართლის შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, მერიის დაკავებული თანამშრომლების საქმის რუსთავში გადატანა გამიზნულად მოხდა, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ რუსთავში პროკურატურას "გზა მოსამართლესთან ჰქონდა გაკვალული". მისი თქმით, სასამართლო პროცესამდე, სადაც თბილისის მერიის თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდეს, მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა, ზეწოლის მექანიზმი კი გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.

"წლების განმავლობაში გვესმოდა მოსამართლე ჩემიას შესახებ, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები გაასამართლა. როგორც აღმოჩნდა, მოსამართლე ჩემია იმ ქალბატონი მოსამართლის მეუღლეა, რომელმაც მერიის თანამშრომლები გაასამართლა. პროცესის დაწყებამდე ჩემია სათათბიროში იმყოფებოდა, მანამდე კი მასთან უზნეო გარიგებაში შევიდა პროკურორი ჩხატარაშვილი და ამ საქმის სანაცვლოდ გირგვლიანის საქმეზე სასჯელის არიდებას დაჰპირდა", – აცხადებს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, არ სურს ისაუბროს "კუდზე ფეხდაბიჯებულ ადამიანებზე", რომლებსაც თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებთ, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია.

"ამგვარ უზნეო გარიგებებში შესვლა მორალი და სამართლიანობის აღდგენა არ არის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მერიის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან და დამნაშავეების დასჯას მოვითხოვთ", - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, სასამართლო პროცესის გარდა დანაშაულის ფაქტები იკვეთება უშუალოდ დაკავების პროცესში და ამ გადაწყვეტილების მიღების დროსაც. უგულავა ეჭვქვეშ აყენებს, რომ მისი თანამშრომლების დაკავების გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიღო და მიაჩნია, რომ პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.

"ფინანსთა მინისტრი საერთოდ აზრზე არ არის, მის უწყებაში რა ხდება. საგამოძიებო სამსახურს რეალურად არაფორმალურად ხელმძღვანელობს შს მინისტრი და, შესაბამისად, ამ ყველაფრის კოორდინაცია მასთან მოხდა", – აცხადებს გიგი უგულავა.