პრეზიდენტი ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერებით უკმაყოფილოა

პრეზიდენტი ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერებით უკმაყოფილოა

საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერებით უკმაყოფილოა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა , ქართველები გამოგონებებში ნიჭიერი არიან, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით და სურს, რომ ეს გაგრძელდეს.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ბოლო წლებში ამ მხრივ ჰქონდა წარმატებები, რომელთა მაგალითებია სამხედრო მანქანები – "დიდგორი" და "ლაზიკა". მიხეილ სააკაშვილმა ის ადამიანებიც გააკრიტიკა, რომლებსაც სამხედრო ტექნიკის "სახელები აღიზიანებთ". "ახლა მიმდინარეობს ბჭობა, უნდა ერქვას თუ არა ეს სახელები – "დიდგორი" და "ლაზიკა". განსაკუთრებით თურმე "ლაზიკა" აღიზიანებთ, თითქოს, ამაზე მეტი გასარკვევი არაფერია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ სამხედრო ტექნიკის წარმოებაში გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია, რადგან რთული ტექნოლოგიის უპილოტო საფრენი აპარატიც გამოუშვა. "როდესაც რუსეთისთვის საეჭვო გარემოებებში გახდა ცნობილი ისრაელისგან შეძენილი საფრენი აპარატების კოდები და ისინი ჩამოგვიყარეს, შევქმენით ახალი საფრენი აპარატი, გამოვცადეთ და ის ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში არსებობს გამოგონებების და სამხედრო ტექნიკის წარმოების გაგრძელების პოტენციალი, თუმცა პროცესს სწორი პოლიტიკური მიმართულების მიცემა სჭირდება.

"იარაღის წარმოება დავიწყეთ კარგად და არ გავაგრძელეთ, როგორც ხშირად – კარგად ვიწყებთ და გაგრძელება არ გვიყვარს. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც უმაღლესი დონის ტექნიკა შექმნა, ახლა გაქცეულია საქართველოდან და ერთ-ერთმა ქვეყანამ მას სიამოვნებით მისცა თავშესაფარი. თურმე ჩვენი სამართალდამცავები ეძებენ, საზღვარგარეთ კი მაშინვე სტაცეს ხელი, რადგან ის მსოფლიო კლასის სპეციალისტია. ასეთი შეცდომები არ უნდა მოგვდიოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ჰიდრორესურსების მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყნის პოტენციალის 80 პროცენტი ჯერ ისევ აუთვისებელია.

პრეზიდენტი სამშენებლო სფეროში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველებმა მშენებლობა "ჩინელების სიჩქარით" ისწავლეს. "როგორც არ უნდა აკრიტიკონ, რომ ყველაფერი სააკაშვილის დავალებით ნაჩქარევად კეთდებოდა, მთავარია, ხალხმა ისწავლა მშენებლობა, შეიქმნა ახალი ქართული არქიტექტურა და მე მხოლოდ სტიმულს ვაძლევდი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ახალი ქართული არქიტექტურის მაგალითად ბათუმის "მაკდონალდსის" შენობა დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, დღეს ვაჟთან ერთად სტუმრობდა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ ამ შენობას "მაკდონალდსი" მსოფლიოში უწევს რეკლამირებას, როგორც საუკეთესოს.