"ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეკომენდაციები თვითმმართველობის კოდექსში აუცილებლად იქნება ასახული"

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეკომენდაციები თვითმმართველობის კოდექსში აუცილებლად იქნება ასახული.

სამინისტრო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის კომიტეტის მზაობას მიესალმება, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში მის მიერ მარტში მიღებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესმა 2013 წლის მარტში საკუთარ რეკომენდაციებში მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. კონგრესმა თავის დოკუმენტში, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმაზე და განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ დეცენტრალიზაციის ნება გამოხატა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, სრულად იზიარებს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეკომენდაციებს და ის აუცილებლად იქნება ასახული თვითმმართველობის კოდექსში. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ვერ მოხერხდა რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება. 2005 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაშორდა საკუთარ მოსახლეობას, მოქალაქეები ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართულნი არ იყვნენ, თვითმმართველობებს ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად ფინანსები არ ჰქონდათ და მათი ფინანსური მდგრადობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული", - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, სამინისტრო, არასამთავრობო ორგნიზაციებთან ერთად, თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობს და დასრულების შემდეგ, მისი განხილვა დაინტერესებულ ჯგუფებთან მოხდება.