"ყველა წარსული შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და ახალი რაღაცეები ყველამ ერთად უნდა შევქმნათ"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "წარსული უნდა გამოვასწოროთ და ყველამ ერთად ახალი რაღაცეები უნდა შევქმნათ".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"კარგია, რომ გაცხადდა, რომ უნივერსიტეტების რექტორებს იმედია, აღარ დანიშნავს მთავრობა. გუშინ თუ გუშინწინ ეს მოვისმინეთ. ისევე როგორც განათლების სამინისტრო არ დაადგენს ყველა პროფესორის სარგოს. მე მიმაჩნია, რომ თქვენი სარგოები იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს. მე ამას ვიღებ, როგორც საკუთარი თავის კრიტიკას. მაგრამ ახლა ვიღაც მოხელეს დავადგენინოთ სარგო, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის პრიორიტეტი, ეს არ არის სწორი. არ არის სწორი, რომ ასისტენტ-პროფესორები მასობრივად გავაგდებინოთ, არ არის სწორი, რომ სტუდენტებისთვის სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ მთელ რიგ ქვეყნებთან. დაუფიქრებლად იმისა, თუ რას უზამს ეს განათლების სისტემას. მათ შორის ფასიან სასწავლებელებს, ტურზმის სექტორს. ახლა ტელევიზორში მოვისმინე, რომ ვიღაც სტუდენტები უნივერსიტეტების ავტონომიის არშეზღუდვას ითხოვდნენ და ტრანსფარანტების გაკვრისთვის დააჯარიმეს 1000 ლარით. მე არ ვარ მომხრე რაღაცა წესრიგის დარღვევის, მაგრამ თუკი ჩვენი ბიუჯეტი თავისი სერიოზული პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს უპრეცედენტო ჯარიმების დაკისრებით, არ ვიცი, რომელმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს ამხელა თანხა, ეს სწორი მეთოდი არ არის. უფრო სწორია იმ პრობლემას მივხედოთ რისთვისაც ნერვიულობენ, რომ არ იყოს უნივერსიტეტების ავტონომია შელახული. მე ვფიქრობ, რომ განათლების სიტემაში საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ჩვენ ყველა ვიმუშავებთ ამაზე. ყველა წარსული შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და ახალი რაღაცეები ყველამ ერთად უნდა შევქმნათ", - განაცხადა სააკაშვილმა.