"ქალაქები ჩემი ხუშტურის გამო კი არა, იმიტომ შენდებოდა სწრაფად, რომ ქართველებმა მშენებლობა ჩინელების სისწრაფით ვისწავლეთ"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქალაქები არა მისი ხუშტურის გამო, არამედ იმიტომ შენდებოდა სწრაფად, რომ ქართველებმა მშენებლობა ჩინელების სისწრაფით ვისწავლეთ".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ქართველებმა მშენებლობა ვისწავლეთ ახლა, პრაქტიკულად ჩინელების სიჩქარით. იმ ტემპით რა ტემპითაც შენდებოდა ბოლო წლებში ქართული ქალაქები, რამდენიც არ უნდა იძახონ რომ ზედაპირულია, ნაჩქარევი იყო სააკაშვილის ხუშტურების და ახირებების გამოო, მე არაფერ შუაში ვარ, ხალხმა ისწავლა სწრაფად მშენებლობა. მე უბრალოდ ამისკენ სტიმულს ვაძლევდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო. შეიქმნა ახალი ქართული არქიტექტურა. პირველი არქიტექტორები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ეს იყვნენ იტალიელები, ინგლისელები, ამერიკელები და ა.შ. ბოლო წლებში ჩვენ ვაშენებდით უკვე ქართველი არქიტექტორებით. აი, მაგალითად, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტორი გოგიჩაიშვილია, ეს არის ალბათ, კავკასიაში ყველაზე გრანდიოზული მშნებლობა. დღეს ჩემი შვილი მყავდა ბათუმის "მაკდონალდსში", ხმალაძე 24 წლის ბიჭია და წარმოუდგენლად მაგარი ბიჭია. გავუშვით თავის დროზე იტალიაში, სახელოსნოში და შემდეგ უკვე იქიდან ბევრად უფრო კვალიფიციური დაგვიბრუნდა. 24 წლის ასაკში დააპროექტა ბათუმის ოპერა და შემდეგ "მაკდონალდსი", რომელსაც ახლა მთელ მსოფლიოში ეს კომპანია არეკლამებს, როგორც მისი საუკეთესო შენობა. ქართველებს შეძლიათ ძალიან სწრაფად სწავლა და ძალიან სწრაფად უკან დაბრუნება თუ პირობებს შეუქმნი", - განაცხადა სააკაშვილმა.