"ისრაელიდან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდი მოწინააღმდეგისთვის საეჭვო ვითარებაში გახდა ცნობილი"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისრაელიდან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდი მოწინააღმდეგისთვის საეჭვო ვითარებაში გახდა ცნობილი. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"როცა ძალიან გაგვიჭირდა და დაგვჭირდა ჩვენი სამხედრო ტექნიკის წარმოება, ჩვენ გამოვუშვით არამხოლოდ ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" და მსუბუქი ქვეითთა მანქანა "ლაზიკა", არამედ ძალიან რთული ტექნოლოგიის უპილოტო საფრენი აპარატი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ისრაელიდან ვიყიდეთ უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდი გახდა ცნობილი ჩვენი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს, მერე მივხვდით, რომ არავისზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, შევქმენით ჩვენი აპარატი, გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არავისზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და საკუთარი ხელით ვაკეთოთ ბევრი რაღაც", - განაცხადა სააკაშვილმა.