ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა

ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა

ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი , საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთების დაზიანება ან განადგურება) შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღძრეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის საწინააღმდეგო აქცია დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები, პომიდვრები და სხვადასხვა ნვითები ესროლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლიცია ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდა. მანვე პოლიციისგან საქმის რაც შეიძლება მალე გამოიძება მოითხოვა. კუბლაშვილი ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაშავდა ერთი ადამიანი.