საპარლამენტო უმრავლესობა ცხინვალის გადაწყვეტილებას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა ცხინვალის გადაწყვეტილებას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა ცხინვალის გადაწყვეტილებას, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, დესტრუქციულ ქმედებად აფასებს. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება. 

"ჩვენთვის ეს მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ინტერესები არ იქნება შელახული",-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება აფიქსირებს, უკანონოა. დეპუტატის აზრით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ დევნილებს ცხოვრება გაურთულოს.

ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბევრი ნაბიჯი გადადგა ურთიერთოების დასარეგულირებლად. "ჩვენ მათგან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით", - დასძინა დეპუტატმა.

ოსური მედიის ინფორმაციით, 18 სექტემბრიდან ძალაში შედის ცხინვალის ე.წ. მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. საზღვარზე გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება და ეს ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გადასვლის აკრძალვას გულისხმობს.