"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ვიცე-მერების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ვიცე-მერების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ვიცე-მერები არ დატოვებდნენ თანამდებობას, მათ სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ.

"საქართველოს არჩეული თვითმმართველობების უმრავლესობის მსგავსად ქუთაისის თვითმმართველობის არასაარჩევნო, ძალადობრივი გზით დაუფლების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო დაიწყო თანამშრომელთა მასობრივი უკანონო დათხოვნები. სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი კრიტერიუმი ქუთაისის ახალი მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებითვე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრობაა. მერის 4 ივლისის ბრძანებით, რომელიც გამოცემულ იქნა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალების დროებითი შემსრულებლის ხათუნა ხურციძის (საატესტაციო კომისიის წევრის ზურაბ ხურციძის შვილი) იმავე დღეს დაწერილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა ორი ვიცე მერი: ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებდა ზეწოლას ორივე ვიცე მერზე, რათა მათ საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობა. ზეწოლისადმი არდამორჩილების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების მუქარები იყო," - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ვიცე-მერებს არ უფიქსირდებათ არც ერთი გადაცდომა.

"ვიცე მერებს, რომელთაც ქუთაისის განვითარებაში და ფეხზე დაყენებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი, ასე გათავისუფლება არის უკანონო და ეწინააღმდეგება კანონს საჯარო სამსახურის შესახებ. მათ არ უფიქსირდებათ არც ერთი გადაცდომა, არ მიუღიათ არც ერთი გაფრთხილება და მათ მიმართ არ წარმოებს არანაირი ოფიციალური დევნა," - დასძინა მან.
ნადირაშვილის ინფორმაციით, "მიმდინარე რეორგანიზაციის და ბიუროკრატიული აპარატის ზოგადი ზრდის შედეგად, ქუთაისის მერიიდან დათხოვნილია 87 ადამიანი".

"ეს ყველაფერი ხდება ნეპოტიზმის არნახული აყვავების ფონზე, რამაც ფაქტიურად წალეკა სახელმწიფო აპარატი. მაგალითად, აპრილის მონაცემებით, 50 მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილი 2,000 ადამიანის სანაცვლოდ სამსახურში აყვანისას მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კონკურსი. იმ დროს, როცა ეკონომიკა განიცდის შენელებას და ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამსახურს, ბიუროკრატიის ზრდა ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. ეს ეკონომიკის ზოგადი კანონია,"- განაცხადა ნადირაშვილმა.