კოტე კუბლაშვილი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

კოტე კუბლაშვილი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც კუბლაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა , ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობას აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, ქვების სროლის შედეგად ჩაიმსხვრა შენობის ფანჯარა, რის შედეგადაც სახის არეში ერთ-ერთი ადამიანი დაზიანდა და ამ ყველაფერს პოლიცია გვერდიდან უყურებდა. 

"ამ აქციის დროს მოხდა დანაშაული და ამაში პირველ რიგში იკვეთება პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენის მხრივ მოვახდინეთ რეაგირება, რამდენიმე მანდატური დამატებით გავგზავნეთ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა პოლიციამ. ისინი იდგნენ გვერდზე და უყურებდნენ იმას, თუ როგორ ესროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს. მინდა განვმარტო, რომ არა მხოლოდ პომიდორებს ისროდნენ, არამედ ქვებსაც. ამის შედეგად ჩაიმსხვრა სასამართლოს ფანჯარა და სახის არეში დაშავდა ერთ-ერთი თანამშრომელი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილი მოუწოდებს პოლიციას, რაც შეიძლება მალე იქნეს გამოძიებული დღეს მომხდარი ფაქტები.

"მე მოვუწოდებ პოლიციას, რომ გამოძიებულ იქნას ეს საკითხი და კანონის ფარგლებში მკაცრად დაისაჯოს ის პირი ან პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. პოლიცია მანამდე არ ჩაერია ამ ყველაფერში, სანამ ფანჯარა არ ჩაიმსხვა და ადამიანი არ დაშავდა. ამის შემდეგ ჩვენ საჩვენებლად, ვითომ დაიწყეს გამოძიება. ძალიან კარგი, რომ მერე მაინც მოიფიქრეს ამის გაკეთება. იმედი მაქვს, მალე მივიღებთ შედეგს და საქმის მასალების მიხედვით საქმე შემოვა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება ისე, როგორც მოხდა ჩვენი თანამშრომლის, ია ბარამიძის საქმეზე", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქციით ვერ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და მოსამართლეების დაშინება.

"მე მინდა, გმოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ გუშინ დაანონსდა, რომ აქცია ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან ჩატარდებოდა და აქციის მონაწილეები გააპროტესტებდნენ ერთ-ერთ გამამართლებელ განაჩენს. პირველ რიგში მინდა, მივმართო ყველას, თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთიი გზა, რომ შეცვალოს ის, არის უფრო მაღალ ინსტაციაში, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. არანაირი აქცია, ყვირილი, შეძახილები ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვტილებას. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში გააკეთოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, ხვედელიანის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის საწინააღმდეგო აქცია დღეს გაიმართა.