არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი?

არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი?

ექსპერტთა ნაწილი ბიუჯეტში ნახევარმილიარდიანი გარღვევის საფრთხეს უარყოფს. შეგახსენებთ: პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარის ვახტანგ ლეჟავას განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტს წლის ბოლოს ნახევარი მილიარდის ლარის დანაკლისი ექნება. ამის შესახებ ექსპერტმა „კომერსანტის“ Business-Club-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც 6 %–იან ეკონომიკურ ზრდას აანონსებდა, ასეთ შედეგზე ვერ გადის და წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარის გარღვევას მივიღებთ. ლეჟავა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რამდენიმე გამოსავალი აქვს, მათ შორის დეფიციტის გაზრდა და შემდეგ ამ დეფიციტის ვალებით დაფარვა, რომელიც ხელისუფლებამ ან შიდა ბაზარზე უნდა მოიძიოს, ან საგარეო ვალით ისარგებლოს.

მეორეს მხრივ, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი გამოსავალს ხარჯების შემცირებასა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროგრამების ნაწილზე უარის თქმაში ხედავს.

„რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ აიღოს ვალი,“ – აცხადებს ლეჟავა.

საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის BPI.ge–ს დირექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით კი, ლეჟავას შეფასება გადაჭარბებულია.

„პირადად მე გარღვევას და საბიუჯეტო კრიზისს არ ველოდები, ეკონომიკურ ზრდის კლებამ შესაძლოა საგადასახადო შემოსავლების კლება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ იქნება საფუძველი, რომ დაგეგმილი ხარჯები ვერ დაფინანსდეს, ასეთ რამეს მე გამოვრიცხავ, რადგან უარეს შემთხვევაში შესაძლებელია გარკრვეული ხარჯების ოპტიმიზაცია ან დაფინანსების ახალი წყაროს მოძიება. ვფიქრობ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს,“ – აცხადებს ლექვინაძე.