მუსლიმთა ლოცვის პროცესს პაატა ზაქარეიშვილიც აკვირდებოდა

მუსლიმთა ლოცვის პროცესს პაატა ზაქარეიშვილიც აკვირდებოდა

სამთაწყაროში მუსლიმთა ლოცვის პროცესს საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც აკვირდებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, კონფლიქტს ამოწურულად არ მიიჩნევს.

"დღევანდელი გადასახედიდან კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამოწურული, რაღაცეები ჯერ კიდევ გასაკეთებელია. წინა ჩამოსვლაზე შეთანხმებული იყო პირობები, რომელიც არ შესრულდა. ახლა ხდება მისი ხელახლა განახლება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა, თუმცა ვისი მხრიდან მოხდა შეთანხმებული პირობების იგნორირება, არ დაუკონკრეტებია.

მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ვერ დაინახა მუსლიმთა მრევლის ის რაოდენობა, რომელმაც პარასკევის ლოცვა რეგულარულად უნდა ჩაატაროს.

"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რამდენად მონდომებულია ადგილობრივი მუსლიმი მრევლი რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა პარასკევის ლოცვაში. მე ჯერ კიდევ ვერ დავინახე ადამიანების ეს რაოდენობა, ამიტომ, რაკი უნდა ჩატარდეს ყოველ პარასკევს საჯარო ლოცვა, საჭიროა მლოცველების მინიმალური რაოდენობა მაინც – 4-5 კაცამდე. დღეს ისინი ჩამოდიან სხვადასხვა კუთხიდან.

მნიშვნელოვანია დავინახოთ, გარდა ჩამოსულებისა, რამდენია ადგილობრივი მლოცველი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.