გიორგი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

გიორგი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კობახიძის შეფასებით, ახალი ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს კონსტიტუციური დებულებებით წუწაობას. 

აღნიშნული განცხადება კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე გააკეთა და პროტესტის ნიშნად კომისიის სხდომა დატოვა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მსგავსად კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. კობახიძემ სხდომის დატოვებამდე ის გარემოება გააპროტესტა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღემდე შექმნილი არ არის.

"ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია კონსტიტუციის მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც "ქართული ოცნება" ამჟღავნებს და რაც არის ასლი "ნაციონალური მოძრაობისა" და მანამდე "მოქალაქეთა კავშირის" დამოკიდებულებისა. ასე გაგრძელება არ შეიძლება, დღემდე არ შექმნილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და გამოდის, რომ ყველა ხელისუფლება ჯერ საკუთარ თავზე ირგებს კონსტიტუციას და შემდეგ იწყებს ხალხის დაპირებებით კვებას, ჩვენ ამის "გამპრავებლები" ვერ ვიქნებით", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კობახიძემ.

სასტუმრო "რედისონში" საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.