ახალციხის სასამართლოს შენობას კვერცხები ესროლეს

ახალციხის სასამართლოს შენობას კვერცხები ესროლეს

აქციის მონაწილეებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს. დემონსტრანტებმა აჭედეს სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.
სასამართლოს ეზოში მრავლად იყვნენ მანდატურებიც, რომელთა მობილიზებაც დილიდან შეინიშნებოდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ახალციხის რაონული სასამართლო მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა.

აქცია სასამართლოს შენობასთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები ყოველდღიურად გაიმართება.

აქციის მონაწილეები პროკურატურისგან მოითხოვენ, რომ საქმე ძიებაში დაბრუნდეს და მოხდეს გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრება.

მათივე თქმით, თუ 18:00 საათამდე არ იქნება რაიმე რეაგირება მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ყველა ავტომაგისტრალი გადაიკეტება.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი.

საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა. ბრალლდების მიხედვით, ქმედება ჩადენილი იყო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად. მასვე ბრალი ედებოდა რამდენიმე პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

საქმის არსებითი განხილვისას არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან", - ნათქვამია უზენაესი სასამართლო პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.