გიგი უგულავა:  მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

გიგი უგულავა: მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურატურას მერიის მაღალჩინოსნების დაკავების ამსახველი კადრების ამოღებისკენ მოუწოდებს. 

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და შესაბამისი ვიდეომასალის ამოღება ნივთმტკიცების სახით უნდა მოხდეს.

"მე კადრების გამოქვეყნებას არ ვითხოვ, მე ვგულისხმობ იმას, რაც ხადურს არ ეკითხება - პროკურატურამ უნდა დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და, შესაბამისად, ვიდეომასალა, როგორც ნივთმტკიცება, უნდა ამოიღოს. ამაზეა ლაპარაკი. ეს არის პროკურატურის მოვალეობა და ამას ის უნდა აკეთებდეს, მიუხედავად იმისა, ხადურს, ღარიბაშვილს უნდათ თუ არა ეს. თუ ამას არ აკეთებს პროკურატურა, ე.ი თვითონ არის თანამონაწილე კანონდარღვევის. ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი, რაც კი შეიძლება მიჩქმალო, ადრე თუ გვიან გასაჯაროვდება. ჩვენ გვაქვს იმის მოთმინება, რომ ერთი წელი იქნება საჭირო, თუ 5 წელი, მოვითმინოთ, ადრე თუ გვიან ეს გასაჯაროვდება და დასასჯელი აუცილებლად დაისჯება, რათა სხვა დროს ასეთი სამარცხვინო რამ აღარ განმეორდეს", - განაცხადა უგულავამ.

მისივე განმარტებით, თუ მერიის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ის გამოძიებულ უნდა იქნას, თუმცა ისე, რომ გამოძიების პროცესს ჩრდილი არ მიადგეს.

"როცა უკანონობების ამხელა კასკადს აქვს ადგილი, მაშინ კითხვის ნიშნები ჩნდება მთავარ საკითხთან დაკავშირებით. ეს ხომ უნდა იყოს გამოძიებული, ჩალით ხომ არაა ქვეყანა დახურული?", - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურმა განცხადება 28 ივნისს გაავრცელა.

"საქართველოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში "თბილისის განვითარების ფონდიდან" უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.