ვახტანგ ხმალაძე:   მიუღებელია, რომ მთავრობას პარლამენტის დაშანტაჟების შესაძლებობა ჰქონდეს

ვახტანგ ხმალაძე: მიუღებელია, რომ მთავრობას პარლამენტის დაშანტაჟების შესაძლებობა ჰქონდეს

იურიდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, როგორც არ უნდა შეიცვალოს და გამარტივდეს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, დაუშვებელია პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს უფლებამოსილება კანონპროექტის მიღებას მთავრობის ნდობის საკითხი მიაბას. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, კონცეპტუალურად მიუღებელია ის, რომ მთავრობას მისი შემქნელის - პარლამენტის დაშანტაჟების შესაძლებობა ჰქონდეს. საუბარია, იმ საკონსტიტუციო ნორმაზე, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტს შესთავაზოს კანონპროექტი და მიაყოლოს მას მთავრობისადმი ნდობის საკითხი. ასეთ შემთხვევაში პარლამენტმა აღნიშნული პროექტი ერთი მოსმენით უნდა მიიღოს, ხოლო თუ მას არ დაუჭერს მხარს, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ამოქმედდება. იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტი მთავრობას ….…ვერ გამოცხადებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება. აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, თუმცა პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვილილებების პროექტი, რომელიც აღნიშნული ნორმის გაუქმებას ითვალისწინებს.

"როგორც არ უნდა შეცვალოს და გამარტივდეს მთავრობისათვის უნდობლობის საკითხი, დაუშვებელია კონსტიტუციაში დარჩეს ნორმა, რაც მთავრობას პარლამენტის დაშანტაჟების შესაძლებობას აძლევს. პრემიერ-მინისტრს არ შეიძლება ჰქონდეს იმის უფლება, რომ კანონპროექტის მიღებას მთავრობის ნდობის საკითხი მიაბას. ამ მიმართულებით ჩვენ ახლა მინიმალური ცვლილებების გზით წავედით. საუბარია ისეთ ცვლილებებზე, როცა მაგალითად ავადმყოფს მაღალი ტემპერატურა აქვს და საჭიროა სიცხის დაგდება. თუმცა უფრო მნიშვნელოვან და ძირეულ ცვლილებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს. სწორედ ამ კომისიის ფარგლებში განიხილება საკითხი, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების მიმართულებით პროცედურების გამარტივებას ეხება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ.