საია რიგ საკონსტიუციო ცვლილებებს მიესალმება, ზოგთან მიმართებაში კი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს

საია რიგ საკონსტიუციო ცვლილებებს მიესალმება, ზოგთან მიმართებაში კი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს

საია რიგ საკონსტიუციო ცვლილებებს მიესალმება, ზოგთან მიმართებაში კი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ დღეს სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მიერ ჟურნალისტებისთვის საკონსტიტიციო ცვლილებებების პირველი საჯარო განხილვის დროს განაცხადა.

კოჟორიძის თქმით, ეს არის პარლამენტის 82 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და საკონსტიტუციო ცვლილებების შექმნაში არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

"მე დღეს ვაკეთებ მხოლოდ პრეზენტაციას, თუ რას ცვლის ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გააკეთეს პარლამენტის წევრებმა და ზოგადად ვთვლი, რომ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ პერიოდში, არამედ მანამდეც და ძალიან ცუდი იყო ის, რომ პარლამენტის წევრებმა თავად კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ის წევრები არ ჩართეს, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან", -განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, საია რიგ ცვლილებებს მიესალმება, თუმცა ზოგთან მიმართებაში უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

"ის, რომ პრემიერის უფლებამოსილება იზღუდება, მისასალმებელია, არც პრემიერს და არც მთავრობის რომელიმე შტოს იმაზე მეტი ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს, რაც დაბალანსებისთვის არის საჭირო, უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ სუსტდება პარლამენტის როლი საბიუჯეტო კანონპროექტის განხილვის პროცესში და ასევე უარყოფითად ვაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ქვორუმის 2/3-ზე დაბრუნებას ითვალისწინებს", - განაცხადა კოჟორიძემ.

რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის თემას, კოჟორიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საია-შიც აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ მან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

"განხილვების შედეგად დამატებით არგუმენტაციას მოვისმენთ და მერე გახდება ჩვენი პოზიცია ცნობილი", - დასძინა კოჟორიძემ.