სამთაწყაროს ცენტრში მოსახლეობა და პოლიციაა შეკრებილი

სამთაწყაროს ცენტრში მოსახლეობა და პოლიციაა შეკრებილი

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში დილიდან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. თანასოფლელებს შორის დაპირისპირება 3 თვეზე მეტი ხანია გრძელდება. სოფელში, ერთ-ერთ სახლში მუსულმანური სამლოცველო მოეწყო, რაზეც ქრისტიანული მრევლი უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

დილიდან სამთაწყაროში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ამ წუთებში სოფლის გამგებელს გულო ნარიმანიშვილს ესაუბრებიან.

სამთაწყაროში იმყოფებიან ასევე ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე და ასევე მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. სამთაწყაროში დღესვე ჩასვლას აპირებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

სოფლის მუფთის სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის მიმართ დაპირისპირება გასულ პარასკევს მას შემდეგ მოხდა, რაც სამლოცველო სახლში ხოზრავანიძეების ოჯახის წევრებმა პარასკევის ლოცვა შეასრულეს.

როგორც ოჯახის დიასახლისი ემინე ხოზრევანიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, გასულ პარასკევს, დაახლოებით 200 ადამიანი მისი სახლის ეზოსთან შეიკრიბა და ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა.

"ამბობდნენ სულიკო გამოვიდეს გარეთ, თუ სულიკო არ გამოვა და მას ადგილზე არ მოვკლავთ, სახლს ავიღებთ და ყველას დაგხოცავთო. მუქარა იყო მრავალგზის, ასევე ასეთი მუქარა იყო - ან აქედან წახვალთ, ან არ ილოცებთ ამ სახლშიო", - განაცხადა ემინე ხოზრევანიძემ

სულიკო ხოზრევანიძე, რომელსაც ექიმის ცნობით, გული აწუხებს, ახლა საკუთარ ოჯახში იმყოფება და ადგომა არ შეუძლია. იგი აცხადებს, რომ შვილიშვილების მოკვლით დაემუქრნენ და შვილიშვილები შეუშინეს.

როგორც სულიკო ხოზრევანიძის სამმა შვილმა ემზარ, ედნარ და ედუარდ ხოზრევანიძეებმა განაცხადეს, დღეს ისინი სამლოცველო სახლში პარასკევის ლოცვაზე მისვლას არ აპირებენ, რადგან მათ სიცოცხლის ხელყოფით თანასოფლელები დაემუქრნენ.

პარასკევის ლოცვა 13:20 წუთზე დაიწყება. სოფლის ცენტრში შეკრებილია სამთაწყაროს მოსახლეობა, ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

ხოზრევანიძეების მოთხოვნაა, რომ მთავრობამ გაარკვიოს რატომ უშლის მოსახლეობა მათ ლოცვის შესრულებას