პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაზე "ნაციონალური მოძრაობის" არდასწრება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმის გაგრძელებაა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის პირველ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის დაუსწრებლობის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
"წინა ცვლილებების განხილვის დროს რამდენიმე შემთხვევაში მოსახლეობასა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს შორის მწვავე დებატები იყო. ჩვენ NDI-სთან ერთად ყველა ზომა მივიღეთ წესრიგის უზრუნველსაყოფად. მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა განხილვის პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ბოლოში ხმა მისცა იმ ცვლილებებს, რომლის განხილვაში მონაწილეობა მათ შეუძლებლად ჩათვალეს. არ მგონია, დღევანდელ შეხვედრაზე მათი არდასწრება იმით იყოს განპირობებული, რომ ისინი დღეს ჟურნალისტებისგან აგრესიას ელოდნენ. მე მგონია, რომ ყველა ჟურნალისტი მოთოკავს თავს ყველასთან მიმართებაში. ეს, ალბათ, იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის მუშაობის ბოლო ეტაპზე გამოაცხადა, ანუ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი. ალბათ, ასეა. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს საკითხი მომავალ კვირაში გაირკვევა, რადგან ოთხშაბათს, ალბათ, რიგგარეშე სესიას დავიწყებთ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ პროცესში მონაწილეობდეს და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს. ამ ცვლილებების ოფიციალურ ინიცირებამდე მე მქონდა კონსულტაციები "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო წარმომადგენლობასთან, თუმცა მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვიი, მისაღებია თუ არა ეს მათთვის", - განაცხცადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება დაანონსებულ კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს შორის, უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება.
"ამ თემაზე საუბრები შედგება. ეს შესაძლოა, უახლოეს ხანებში განხორციელდეს და ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადავდგამთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.