საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება

საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება. პროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის მუხლის ამოღებას, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას ითვალისწინებს.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება რამდენიმე თვის წინ მოხდა. პროექტმა საყოველთაო- სახალხო განხილვის პროცედურა გაიარა, თუმცა პარლამენტში მსჯელობა აღარ გაგრძელებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან, როცა პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყება, მათთან ერთად აღნიშნული პროექტის გატანაც მოხდება.

"პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო პროექტზე ყველა პროცედურა დასრულებულია, რაც, თავის მხრივ, საყოველთაო სახალხო განხილვას ეხებოდა. ალბათ, გახსოვთ, თუ როგორი ვნებათაღელვით მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. სავარაუდოდ, მოსალოდნელია, რომ, როდესაც პარლამენტში კენჭს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვუყრით, მასთან ერთად ამ საკითხსაც გავიტანთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირინა იმერლიშვილმა.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი ხმები არ ჰყოფნის და ისინი კონსტიტუციის მისაღებად საჭირო მინიმუმ 100 ხმას, ვერც იმ დეპუტატების მხარდაჭერით აგროვებენ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გავიდნენ. ამ გარემოების მიუხედავად ირინა იმერლიშვილს იმედი აქვთ, რომ ისინი უმცირესობის მხარდაჭერას მიიღებენ.

"მათთან ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გამართულა, თუმცა იმედი მაქვს, რომ უმცირესობა შემოგვიერთდება და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენთან ერთად დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ირინა იმერლიშვილმა.

ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვის კომისია იმ სამი პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტში ივნისის შუა რიცხვებში შევიდა. საუბარია, სამ საკონსტიტუციო პროექტზე, აქედან პირველი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება; მეორე ცვლილების პროექტი დაკავშირებულია პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაზე ცვლილებების შეტანის კონტროლზე; ხოლო მესამე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს უკავშირდება. კომისიის წარმომადგენლები ამ აღნიშნულ ცვლილებებს ჟურნალისტებთან ერთად განიხილავენ. დღესვე, განხილვა გაიმართება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განხილვის პროცესში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.