ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება

ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება.

სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს ჟურნალისტებს გააცნობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის წევრები სასტუმროში ამ წუთებში იკრიბებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი NDI-ის ორგანიზებით ხორციელდება.

"დღეს ვიწყებთ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების კომისიის პირველ სხდომას. მედია-საშუალებებს გაეცნობა ის, თუ რას ვაპირებთ. ასევე დღესვე გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან. პროცესი დაწყებულია და ივლისი ამ განხილვებს დაეთმობა", - განაცხადა სხდომის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამ პროცესში ჩაერთვებიან, თუმცა აბაშიძის თქმით, მათი მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.

აბაშიძის თქმით, საუბარია სამ ცვლილებაზე.

"მომავალი წლიდან პრემიერ-მინისტრს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, რომელსაც სააკაშვილი თავისთვის გეგმავდა და ეს ცვლილება უნდა განახორციელოს პარლამენტმა. უნდა დააბალანსოს მთავრობა. მეორე ცვლილება ეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხს. თუ პარლამენტის წევრს შეუძლია, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, რატომ არ შეიძლება, ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარესაც, ასევე, თუ მინისტრი შეიძლება, იყოს ორმაგი მოქალაქეობის მცოდნე, რატომ არ შეიძლება, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრსაც და მესამე ცვლილება ეს არის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ქვორუმი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2/3 უნდა დარჩეს და 3/4-ზე არ უნდა გადავიდეს", - განაცხადა აბაშიძემ.

ჟურნალისტებთან საჯარო განხილვის შემდეგ "რედისონში" 13:00 საათზე საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან გაიმართება.

გარდა ამისა, ხვალ თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან განიხილება. შემდეგ კი უკვე ცვლილებების განხილვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.