ნოდარ ხადური - მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გასაჯაროვდება

ნოდარ ხადური - მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გასაჯაროვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გასაჯაროვდება.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება გადაწყვეტს, რა ტიპის ინფორმაციები გასაჯაროვდება და რა - არა.

"გამოძიება იქნება უდაოდ ძალიან გამჭვირვალე, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება კიდევ რამდენიმე საინტერესო კითხვაზე გასცემს პასუხს. ამის შემდეგ ბევრი ინფორმაცია იქნება საჯარო, გამოძიება გაასაჯაროებს ყველა ინფორმაციას და მერწმუნეთ, ძალიან ბევრი არ მოეწონებათ, მათ შორის მერიაში", _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის მოთხოვნას, რომ მოხდეს მათი თანამშრომლების აყვანის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება, ხადურის განმარტებით, კამერა არ არის დაკითხვაზე ადამიანის მიყვანისთვის საჭირო ატრიბუტი.

"ადამიანები დაკითხვაზე კამერებთან ერთად არავის არ დაჰყავს, ამას აკეთებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როცა მოქალაქეებს ღამე უვარდებოდნენ სახლში და საცვლების ამარა აჩვენებდნენ მეუღლეებს საძინებელში. ჩვენ ასე არ ვიქცევით და არც მოვიქცევით, კამერა არ არის დაკითხვაზე ადამიანის მიყვანის საჭირო ატრიბუტი", – ანიშნა ხადურმა.

თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურმა 28 ივნისს განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში "თბილისის განვითარების ფონდიდან" უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.