გოგა ონიანი - ბაჩო ახალაიას საქმეზე ბრალდების მოწმე გაუჩინარებულია

გოგა ონიანი - ბაჩო ახალაიას საქმეზე ბრალდების მოწმე გაუჩინარებულია

ბაჩო ახალაიას საქმეზე ბრალდების მოწმე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გაუჩინარებულია , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, გოგა ონიანმა განაცხადა.

ამასთან, ონიანის თქმით, პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია მოწმე ლევან სუთიძის ტყეში გატაცების ფაქტზე გამოძიება, რაც, მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გოგა ონიანის თქმით, მოწმე ლევან სუთიძე სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების შემდეგ გაუჩინარდა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონები და მის საცხოვრებელ ბინაშიც არავინ იმყოფება.

ამასთან, გოგა ონიანის ინფორმაციით, სუთიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთი ჟურნალისტი დაუკავშირდა სასამართლო პროცესის შემდეგ და მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ინტერვიუს ვერ მისცემდა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ბევრი პრობლემა ჰქონდა.

მოწმე ლევან სუთიძე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიკითხა, რომელიც ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამებას გულისხმობს. სუთიძე იაღლუჯის სამხედრო ბაზის ექიმია. მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება აიძულეს, კერძოდ, პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა საბურთალოს ტერიტორიიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანეს, ტყეში, წყნეთის მიმართულებით და უთხრეს, შეხსენება ხომ არ ჭირდებოდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცა დაგეგმილ პროცესზე.

ადვოკატების ინფორმაციით, ლევან სუთიძემ ასევე განაცხადა, რომ წყნეთის ტყეში დატოვეს, მობილური ტელეფონი გადაუგდეს, შემდეგ კი ნახევარი საათის ძებნის შემდეგ ტელეფონი იპოვა და ტყიდან წამოყვანა მის ახლობელ, მოქმედ სპეცრაზმელს სთხოვა. გოგა ონიანი აცხადებს, რომ პროკურატურა აღნიშნული ფაქტით არ ინტერესდება, რაც საეჭვო გარემოებაა. ონიანი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს აღნიშნული გატაცების გამოძიების დაწყება და იმ სპეცრაზმელის დაკითხვა, რომლის მეშვეობითაც სუთიძემ ტყიდან გამოაღწია.

ახალაიას ადვოკატები საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებენ, მიმდინარე სასამრთლო პროცესები გადაიღონ იქიდან გამომდინარე, რომ, მათი თქმით, ბაჩო ახალაიას საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს.