თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს მიმართავს

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს მიმართავს

თბილისის მერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია დღეს მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იქნება" ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერია საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს შეპირებული "უპრეცედენტო გამჭვირვალობის" ფარგლებში, 27 ივნისის დილის საათებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების დაკავებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიყვანის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, უზრუნველყოს მოცემული ორგანოს უკანა შესასვლელის პერიმეტრზე და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით გადაღებული მასალის იმ მონაკვეთების გამოქვეყნება, სადაც დაფიქსირებულია მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების შენობაში შესვლის პროცესი.

მოცემული ვიდეოკადრების გამოქვეყნებით, ნათელი მოეფინება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დაკავების კანონიერების შესახებ და ეს ვიდეომასალა გაცილებით უფრო ინფორმაციული იქნება, ვიდრე არაფრის მომცემი ე.წ. "ბანკომატის კადრები".

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ ვიდეომასალა დამუშავების პროცესში "შემთხვევით" არ დაზიანდება.

ასევე, წინასწარვე გაცნობებთ, რომ ვიდეოკადრების სხვადასხვა მიზეზით არარსებობა (ტექნიკური გაუმართაობა, ჩაწერის განუხორციელებლობა და ა.შ.) ჩვენ მიერ აღქმული იქნება დანაშაულის კვალის დაფარვად და "უპრეცედენტო გაუმჭვირვალობად", რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს დაკავების უკანონობას და მის პოლიტიკურ ხასიათს.

თბილისის მერია ასევე მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესს თვალყური მიადევნონ", _ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიმართვაში.