სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე კულტურის სამინისტრო კომენტარს ჯერ არ აკეთებს

სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე კულტურის სამინისტრო კომენტარს ჯერ არ აკეთებს

სომხეთში, ისტორიულად ქობერის ქართულ ტაძარში ფრესკებზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, ქობერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ერევნიდან დაბრუნდება კულტურის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე.

ამასთან, სამინისტროს პრესცენტრში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა საკითხებზე შეიძლება ჰქონოდათ მათ ერევანში შეხვედრები. მათი განმარტებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საკითხი ქობერის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებიც იქნება.

პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე კომენტარი დელეგაციის წევრების სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ გაკეთდება.

სომხეთში, ისტორიულად ქართულ ქობერის ტაძარში ფრესკებს რესტავრაციას სამი იტალიელი რესტავრატორი ქალი უტარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა განუცხადა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ლორედან ახლახან დაბრუნდა.

როგორც თარხნიშვილმა განაცხადა, ქობერში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ქობერის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ტაძრის მონახულებისას საკურთხეველში არსებული ფრესკების რესტავრაციაზე მხოლოდ სამი იტალიელი ქალბატონი დახვდათ.

"მათ საკურთხეველში ფრესკების რესტავრაცია ახალი დაწყებული ქონდათ. გვითხრეს, რომ ერევნის უნივერსიტეტის მიწვევით მუშაობდნენ. მათ იციან, რომ ის ქართული ტაძარია", _ დასძინა მთვარისა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ქობერის კომპლექსი რამდენიმე პატარა ტაძრისგან შედგება. იქ არსებულ სამრეკლოზე, რესტავრაციას რამდენიმე წელია სომხური მხარე ახორციელებს.