ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ რუსთავში წუხელ პრობლემები შექმნა. ქარიშხალმა მეგობრობის გამზირზე ფოსტის შენობას სახურავი გადახადა, სანაპიროს ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. კომპანია "რუსთავგაზმა" უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყვიტა.

გარდა ამისა, მეგობრობის გამზირზე ძლიერმა ქარმა რადენიმე ხე წააქცია. დაიტბორა მე-12 მ/რ-ის, თოდრიას, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. ქალაქის უდიდეს ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან მოხდა ავარიული გათიშვა.

ამჟამად შესაბამისი სამსახურები - სახანძრო, სამაშველო და "რუსთავწყალი" სანიაღვრე ჭების წმენდას აწარმოებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. მეგობრობის გამზირზე დროებით მოძრაობაც იყო შეჩერებული. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ჯერჯრობით ზარალზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ყველა იმ უბანზე, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გურგენიძს განცხადებით, რაც ყველაზე მთავარია, ძირითადად, სანიაღვრე სისტემამ კარგად იმუშავა და ამჯერად საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა.