ნიკოლოზ მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოსთვის ჩაინიშნა

ნიკოლოზ მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოსთვის ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძველი თბილისის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოსთვის ჩაინიშნა. როგორც გუშინდელი პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნიკოლოზ მელიამ განუცხადა, ის, როგორც საქმეში ბრალდებული, არ ეთანხმებოდა ამას, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეს არ სჭირდება ერთი თვე და საქმის არსებითი განხილვა დროულად უნდა დაიწყოს.

ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, პროკურატურას პროცესზე არ მოუთხოვია მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ მოითხოვა 19 აგვისტოს დანიშნულიყო წინასასამართლო სხდომა და სასამართლომ ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა.

ნიკოლოზ მელიას რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება 11 მაისს მოხდა.