საკონსტიტუციო პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

საკონსტიტუციო პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. ივნისში, პარლამენტში ინიცირებულ სამ საკონსტიტუციო პროექტს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დღეს ჯერ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს, შემდეგ კი განხილვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაგრძელდება. ივლისი მთლიანად საჯარო განხილვას დაეთმობა, ეს პროცესი თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობას.

ერთ-ერთი საკონსტიტუციო პროექტით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ეძლევათ. კერძოდ, პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს ეხება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, პარლამენტში ინიცირებული პროექტი კი, კონსტიტუციიდან მის ამოღებას ითვალისწინებს.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში აღარ იარსებებდა.

ამავე ცვლილების გათვალისწინებით, მმართველი უმრავლესობა გამოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინიციატივით, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი ბიუჯეტს დროულად - ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო თუ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ახალ მთავრობას ვერ შექმნის, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევს და კონსტიტუციაში ცვლილებები ამ მიმართულებითაც შეაქვს. კერძოდ, დღეს კონსტიტუცია ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ნორმები 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებიდან სიტყვები "მორიგი" და "ოქტომბერი" ამოდის და ჩნდება ჩანაწერი "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან". ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ძალაში შესვლას ხელს ვერ შეუშლის.

რაც შეეხება მესამე საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტს, ის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს ეხება. მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს, რომლის შესაბამისი მუხლიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.

საყოველთაო-საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. უმრავლესობის წარმომადგენლების ვარაუდით, ცვლილებებს სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და ამ საქმეში მათ უმცირესობის მხარდაჭერად სჭირდება.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზატორი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის.