უზენაესი სასამართლო მთავარ პროკურატურას არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს

უზენაესი სასამართლო მთავარ პროკურატურას არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, უკვე ორი დღეა, ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

"უკვე ორი დღეა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან არა მარტო არაზუსტი, არამედ, სასამართლოს დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები მოჰყვა. დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახლაციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ სამხარეო პროკურორს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

საქმის ვითარება სრულიად საპირისპირო გახლდათ: ახალციხის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა თავად იკითხეს, ადექვატური იყო თუ არა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. სასამართლოს პასუხი გახლდათ შემდეგი: საპროცესო შეთახმება ფორმდება მხარეთა შორის და თუკი ასეთი დოკუმენტი სასამართლოში შემოდის, სასამართლო მას კანონით დადგენილი წესით განიხილავს.

სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას, მთავარი პროკურატურის მხრიდან, არა მარტო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, არამედ, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს",-ნათქვამია განცხადებაში.