ბაჩო ახალაია სენაკის ბაზაზე გვარდიის წევრების უკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას ზურაბ არსოშვილს აკისრებს

ბაჩო ახალაია სენაკის ბაზაზე გვარდიის წევრების უკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას ზურაბ არსოშვილს აკისრებს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სენაკის ბაზაზე გვარდიის წევრების უკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას გვარდიის ყოფილ სარდალს, ზურაბ არსოშვილს აკისრებს. როგორც ცნობილია, არსოშვილი ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ახალაიამ დღეს ბრალდების ყველა ეპიზოდზე, მათ შორის სენაკის ბაზაზე განვითარებულ მოვლენებზე ჩვენება მისცა. 

მან აღნიშნა, რომ სენაკში მორიგ თათბირზე იმყოფებოდა, როდესაც არსოშვილმა უთხრა, რომ "ვიღაცები ვალდებულებებს არ ასრულებენ". "როდესაც პრობლემა იქმნება, მიმაჩნია, რომ ეს ხელმძღვანელობიდან მოდის. არსოშვილს ვუსაყვედურე, თუ პრობლემები იყო, თავს რატომ ვერ ართმევდა ურთიერთობების დალაგებას", - განაცხადა ახალაიამ.

პროკურორების დასმულ შეკითხვებზე, რატომ იყო არსოშვილი გვარდიის სარდალი, თუ შესაბამისად არ მუშაობდა, ახალაიამ განაცხადა, რომ როდესაც პრობლემა გამოიკვეთა და თავდაცვის უწყებამ გვარდიის მოწესრიგება გადაწყვიტა, არსოშვილი სხვამ ჩაანაცვლა. ამასთან, ახალაიამ პროკურორების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ზურაბ არსოშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მას არ დაუნიშნავს.

"არსოშვილი დანიშნა თავდაცვის უწყებაში ჩემმა წინამორბედმა დავით სიხარულიძემ. სამწუხაროდ, ჩვენს პრიორიტეტებში გვარდია ბოლო იყო. როდესაც გამოჩნდა სახსრები გვარდიისთვის, არსოშვილის ადგილი სხვამ დაიკავა", - განაცხადა ახალაიამ.