საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სამუშიას, ტყემალაძის, შიხიაშვილის, ზუმბაძისა და მუსხელიშვილის კანდიდატურები განიხილება

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სამუშიას, ტყემალაძის, შიხიაშვილის, ზუმბაძისა და მუსხელიშვილის კანდიდატურები განიხილება

საკრებულოში გამართული ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატურაზე იმსჯელეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა. 

მისი თქმით, სხდომაზე დასახელდა საკრებულოს თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის არიან ჯაბა სამუშია, გიორგი ტყემალაძე, ირაკლი შიხიაშვილი, გულიკო ზუმბაძე და გიორგი მუსხელიშვილი. გაბუნიას განცხადებით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობაზე.

ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო უმრავლესობის ფორმირებაზე. "ვაპირებთ უახლოეს მომავლაში გაფართოებული ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის მოწვევას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად უმრავლესობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მან საკრებულოს შესაძლო თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის დასახელებაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს დრო აჩვენებს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამჟამად 22 წევრი რჩება, ოპოზიციაში და დამოუკიდებელ დეპუტატებად კი სულ 25 წევრია. სწორედ ამან განაპირობა ახალი უმრავლესობის საკითხზე მსჯელობა. დღეს ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა ვიწრო ფორმატით ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს 7 დეპუტატი ესწრებოდა.