დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებენ, "რუსთავი 2-სგან" ხელები შორს დაიჭირონ

"რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებენ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-სგან" ხელები შორს დაიჭირონ.

გავრცელებულ განცხადებაში, უცვლელად გთავაზობთ:

"1994 წლის 1 ივნისს მაუწყებლობა დაიწყო ახალმა, დამოუკიდებელმა ტელევიზიამ. 2004 წლის 16 ივნისს, ზუსტად 10 წლისა და 16 დღის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იძულების, შანტაჟის და მუქარის შედეგად, ხელში ჩაიგდო "რუსთავი 2", საქართველოს ნომერი პირველი მაუწყებელი. დღეს, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, საზოგადოება ნელ-ნელა ეცნობა შემაძრწუნებელ სიმართლეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის, დაშვებული შეცდომებისა და გაუაზრებელი ქმედებების შესახებ, რის განხორციელებაშიც მიტაცებულმა და პროპაგანდისტულ იარაღად გადაქცეულმა ტელევიზიამ ფასდაუდებელი როლი შეასრულა. დღესაც, ოქტომბრის საპეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე, სააკაშვილის პირადი მძევალი "რუსთავი 2" კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად. სწორედ ამიტომ მოითხოვს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შეწყდეს გამოძიება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ "რუსთავი 2" არის დემოკრატიის ინსტიტუტი და დაგვავიწყოს, რა გზებითა და ხერხებით დაასამარა დამოუკიდებელი მედიის განვითარება საქართველოში. მცირედი შესწორებით ჩვენც ვიმეორებთ მის გამონათქვამს: "ნაცმოძრაობის" ხელები შორს რუსთავი 2-ისგან! დადგა დრო, ხმამაღლა ითქვას – თავისუფლება რუსთავი 2-ს!", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იგივე მოწოდებით, მხოლოდ მთავრობის მიმართ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.

"მე მინდა, მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს გამოძიება. შევარდნაძის დროიდან ბევრი რაღაც მეორდება, მაგრამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე ეპიზოდი შევარდნაძის მმართველობის. სისხლის სამართლის აღძვრა ამ თემაზე და უამრავი ადამიანის დაკითხვა, რაც ბოლო დროს ხორციელდება, ეს არის ძალიან საშიში პროცესი და ჩემი ინფორმაციით, რაც დღეს ფაქტობრივად დადასტურდა, ეს პროცესი მივა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამდე. მე მინდა, გავაფრთხილო ის - ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან", - განაცხადა სააკაშვილმა.