ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს საქმის გამოძიებას და მასში FBI-ს ჩართვას სთხოვენ

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს საქმის გამოძიებას და მასში FBI-ს ჩართვას სთხოვენ

გურჯაანის რაიონში, არჩევნების წინა დღეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები მთავარ პროკუროს მიმართავენ და სთხოვენ, საქმე მან გამოიძიოს. როგორც გურჯაანში, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გარდაცვლილის დედამ განაცხადა, გამოძიება 9 თვეა მიმდინარეობს და ვერ დასრულდა.

"მივმართავ არჩილ კბილაშვილს, რომ საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას და მათ გამოიძიონ, რადგან 9 თვეა გამომძიებლები მუშაობენ და ხელჩასაჭიდი არაფერია. მინდა, ეს საქმე არჩილ კბილაშვილმა გამოიძიოს, რათა ყველაფერი მალე დამთავრდეს ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც საჯარო გახდეს". - განაცხადა თათია მექერიშვილმა, რომელიცარ გამორიცხავს, რომ მისი შვილი პოლიტიკურ მიზნებს შეეწირა. მისი თქმით, ამაზე ფიქრის ერთ-ერთი საფუძველი ის არის, რომ ტრაგედია სწორედ არჩევნების წინა დღეს მოხდა.

გარდაცვლილი ჩვილის დეიდის განცხადებით, ოჯახისთვის უცნობია, რატომ ჩაკეტეს ჭიშკარი პოლიციელებმა სამი დღით და რას აკეთებდნენ მარანში.

"გამოძიება ყველაფერს აკეთებს და იძიებენ, მაგრამ ვერაფერს ნახულობენ. მაშინდელი პოლიციელების მიერ, კვალია წაშლილი. ჩვენთვის გაურკვეველია, სამი დღის განმავლობაში, მაშინდელი პოლიციელები, სიბაშვილის დავალებით, რას აკეთებდნენ მარანში, რატომ იყო ჩაკეტილი ჭიშკარი და არავის არ უშვებდნენ. ექსპერტიზა მაშინ ისე ჩატარდა, რომ მოწმე არავინ ყოფილა - რა წაშალეს, რა გააკეთეს, არავინ იცის". - განაცხადა დალი მექერიშვილმა.

ოჯახის წევრთა ეჭვები, გარკვეულწილად, "ნაციონალური მოძრაობას" უკავშირდება, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია, რატომ გაიღო გიორგი ღვინიაშვილმა 3000 ლარი მკვლელობის მეორე დღესვე ჩვენი ოჯახისთვის? თუ ეს "ოცნებამ" გააკეთა, როგორც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, მაშინ "ნაციონალების" მაჟორიტარმა კანდიდატმა დახმარება რატომ გაგვიწია? მასთან, გუბერნატორობის პერიოდში, ათასობით განცხადება შედიოდა, მაგრამ არ მსმენია, რომ ვინმეს დახმარებოდა.

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები, არჩილ კბილაშვილს, საქმის გამოძიებასთან ერთად, მასში FBI-ს ჩართვას სთხოვენ.