"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" რელიგიური კონფესიების დაფინანსებაზე მასალას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფინანსების მხრივ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.

"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემოსავლის ძირითად წყაროს კერძო შემოწირულოებები და სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსება წარმოადგენს. 2002-2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 160,672,200 ლარი შეადგინა. 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერისას სამინისტრომ სამოციქულო ეკლესიას 857,600 ლარი გამოუყო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს – 12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ – 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მციერეოდენ შემცირდა. ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპატრიარქოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10,401,087 ლარი გამოუყო, საიდანაც ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2,170,290 ლარი დაიხარჯა; 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე პრეზიდენტის ფონდიდან საპატრიარქოს 1,700,000 ლარი გადაერიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2009 წელს ტელევიზია "ერთსულოვნებას" ფუნქციონირებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 400,000 ლარი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2011-2012 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფინანსურმა დახმარებამ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიისათვის 600,000 ლარი შეადგინა", - ნათქვამია სტატიასი.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, რომ ამავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად არაერთგზის გადასცა ქვეყნის მასშტაბით მიწები, სკვერის ტერიტორიები, თუ შენობა-ნაგებობები.

რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, ორგანიზაციის მასალაში აღნიშნულია, არსებული წერილობითი დოკუმენტებიდან ორგანიზაციას სახელმწიფოს მიერ 2002-2012 წლებში სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ გაწეული დახმარების დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი აქვს.

"სხვა კონფესიების მიმართ სახელმწიფოს დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო მათ მიმართ გასული წლების განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას იჩენდა. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ ისინი არ აფინანსებენ სხვა რელიგიურ კონფესიებს, გარდა საქართველოს საპატრიარქოსი, ნაწილმა კი უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვა.

საქართველოს იეზიდთა კავშირს, პრეზიდენტის განკარგულებით, 2010 წელს ვარკეთილის ტერიტორიაზე 1 ლარად გადაეცა 1,629 მ2 მიწის ნაკვეთი ქურთული კულტურული ცენტრის აშენებისა და აღნიშნულ ცენტრში ქურთული და ქართული ენების, ისტორიის, კულტურის, და კომპიუტერული სწავლების კურსების მოწყობის მიზნით. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში ქართული და სომხური ეკლესიებისათვის გამოიყო ფულადი დახმარებები"- "-ნათქვამია ორგანიზაციის სტატიაში.