ე.წ. სამხედროების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდა

ე.წ. სამხედროების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდა

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ე.წ. სამხედროების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება, მოწმეთა დაკითხვის ეტაპი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს დაცვის მხარის ორი მოწმე - რატი წაქაძე და ზურაბ პავლიაშვილი დაიკითხნენ. დაცვის მხარემ რამდენიმე მოწმე მოხსნა. 

როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განმარტა, მოწმეთა მოხსნის შესახებ სასამართლოზე განცხადება ადვოკატებმა იქიდან გამომდინარე გააკეთეს, რომ რამდენიმე მოწმე ავღანეთში იმყოფება და შესაბამისად, მათი სასამართლოზე ჩამოყვანა შეუძლებელი გახდა.

სასამართლო პროცესი ბრალდებულების დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე, ერთ-ერთი ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაიკითხება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამხედროების წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლები უკანონო აღკვეთის ეპიზოდებს ითვალისწინებს, ბრალდებულები არიან: გიგი კალანდაძე, ალექსანდრე გორდაძე, მანუჩარ დარასელია, გაგა მკურნალიძე, გიორგი კინწურაშვილი, მერაბ კიკაბიძე, ზურაბ შამათავა და ბაჩო ახალაია.

გიორგი კინწურაშვილი და მანუჩარ დარასელია, როგორც ცნობილია საქართველოში არ იმყოფებიან. ისინი ძებნილებად ითვლებიან და პროცესს არ ესწრებიან.

დღევანდელ პროცესს ყველა ბრალდებული ესწრება გარდა გაგა მკურნალიძისა, რომელსაც პროტესტი აქვს გამოცხადებული. პროტესტი ბაჩო ახალაიასაც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა დღევანდელ პროცესზე მან ჩვენების მიცემა გადაწყვიტა.

ამ წუთებში სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული. პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.