"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კონკრეტული ხედვის წარმოდგენისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კონკრეტული ხედვის წარმოდგენისაკენ მოუწოდებს. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ეკონომიკური განვითარების ხედვა და არ იცის თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. მისივე თქმით, ყველაზე საგანგაშოა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მიერ გუშინ გაკეთებული, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარები.

"ერთის მხრივ, პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ ეს არის გამოწვეული ინფრასტრუქტურული დანახარჯების შემცირებით, მეორე მხრივ, ნარმანია ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურაში 10%-ით მეტია დახარჯული, ვიდრე გასულ წელს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს სახელმწიფო ამ ღრმა კრიზისიდან. მაისში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 0%, პირველ კვარტალში 42 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ყოველდღიურად ასობით სამუშაო ადგილი იკარგება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყოველივე ამის საპირისპიროდ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

"სამწუხაროა, რომ ხელისფლებას არ აქვს ეკონომიკური განვითარების ხედვა, მათ არ იციან როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან და ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს ყოველდღიურად კიდევ უფრო და უფრო უჭირთ. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომ კონკრეტული ხედვა წარმოგვიდგინონ თუ როგორ აპირებენ ამ კრიზისიდან გამოსვლას. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ფინანსთა სამინისტრომ პასუხი გაგვცეს, როგორ აპირებენ იმ 247 მილიონი ლარის შევსებას, რომელიც ბიუჯეტს დააკლდა პირველი 6 თვის მანძილზე და საერთოდ რას აპირებენ ბიუჯეტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, წლის ბოლომდე გვექნება მწვავე დეფიციტი, რაც ნიშნავს რომ დანახარჯები უნდა შეამციროს ბიუჯეტმა. რაც ასევე ნიშნავს დიდ პრობლემას წელს და განსაკუთრებულ პრობლემას მომავალ წელს, როცა სოციალური დაპირებების შესრულებაც კი დიდი კითხვის ქვეშ დადგება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.