ბორჯომში ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

ბორჯომში ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

ბორჯომის ცენტრში ხალხმრავალი აქცია იმართება.  ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ისინი ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთი ღონისძიების სახით ხვედელიანს პატიმრობა არ შეეფარდება, მასშტაბურ აქციებს ყოველდღე გამართავენ. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გუშინ დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი.

საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა. ბრალლდების მიხედვით, ქმედება ჩადენილი იყო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად. მასვე ბრალი ედებოდა რამდენიმე პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

საქმის არსებითი განხილვისას არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან", - ნათქვამია უზენაესი სასამართლო პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.